Thursday, December 2, 2010

მიმდინარეობს ბლოგის რებრენდინგი

"რებრენდინგი" - ეს სიტყვა საოცრად არ მიყვარს და ვიცი რატომაც, მაგრამ მეტისმეტად საჭირო სიტყვა და პროცესია ხანდახან, ხანდახან და არა ყოველთვის!

ერთმა მეგობარმა მითხრა შენი ბლოგი ცოტა უსახურია და კარგი იქნება თუ ცოტას გაალამაზებო. მართალია ბლოგერობა არ მიფიქრია, უბრალოდ მარტო ვცხოვრობ და საკუთარ თავთან დიალოგი რომ არ დამეწყო, გადავწყვიტე მეწერა, სულ ეს იყო.

მაგრამ მოგეხსენებათ, თუ რამეს აკეთებ ლაზათიანად უნდა გააკეთო და მეც გადავწყვიტე გავხდე პროფესიონალი ბლოგერი. პროფესიონალ ბლოგერს კი შესაბამისი ოფისი - ბლოგი ჭირდება. ასე რომ დღეიდან მიმდინარეობს ბლოგის რებრენდინგი და არ ვიცი როდის დასრულდება, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გავაკეთო ეს საჭირო პროცესი, სახელად ბლოგის რებრენდინგი.

Thursday, November 25, 2010

რუსთაველი მიტინგების გარეშე!

ფეისბუქიდან შევიტყვე, რომ დღეს რუსთაველზე მიტინგი ყოფილა, დავინტერესდი და ახალ ამბებს მოვუსმინე და ცოტა არ იყოს გამიხარდა და თან შევშფოთდი. გამიხარდა რომ მიტინგზე ზღვა ხალხი არ იყო და შევშფოთდი, რომ მიტინგზე ლიდერების გარდა კიდევ ვინმე იყო.

ახლა პირველ არხზე ვუსმენ ერთ-ერთ ოპოზიციის ლიდერს (ეკა ბესელია) და უნებურად გამიჩნდა შეკითხვე: ნეტავ რატომ უნდა წავიდე მიტინგზე, სადაც ტრიბუნიდან მომმართავს ნინო ბურჯანაძე? (დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ). არ ვიცი. ქალბატონო ნინო, ერთი მიზეზი მაინც მითხარით, რატომ უნდა მოვსულიყავი დღეს რუსთაველზე?
ომის გარდა, ყველაზე დიდი შეცდომა ამ ხელისუფლების ჩემთვის არის 7 ნოემბერი, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა ქალბატონმა ნინომ ასეთი ფრაზით გაამართლა - ნიკოლოზ მეორე ასე რომ მოქცეულიყო, რევოლუცია არ მოხდებოდაო. ქალბატონო ნინო, ახლა ძალიან მინდა გამოვიდნენ იგივე ომონელები და თქვენ და ოპოზიციის ლიდერებს ისე მოგექცნენ როგორც ნიკოლოზ მეორე უნდა მოქცეოდა თავის ოპოზიციას რომ რევოლუცია არ მომოხდარიყო J

ალბათ აგრესიული გგონივართ, მაგრამ სულაც არა, მე უბრალოდ მეხსიერება მაქვს.
არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე აღარ მინდა მიტინგებით გადაკეტილი რუსთაველი. მე არ მინდა კონცერტებით გადაკეტილი რუსთაველი. მე მინდა სუფთა რუსთაველი, სადაც მანქანა თავის გზაზე დადის და ადამიანი ტროტუარზე.  სადაც მზის ამოსვლისას მეეზოვეები ფუსფუსებენ და საღამოს გაზონები იწყვება. სადაც ყვითელი ავტობუსები პირველ ხაზში მოძრაობენ და ფხიზელ მძღოლებს ხალხი სამსახურებში მიჰყავთ...

ხალხო არ გვინდა მიტინგები პლზ!

Sunday, November 21, 2010

ბიზნესობანას თამაში გინდა?

მიუხედავად იმისა რომ ბიზნესისგან მეტისმეტად შორს ვარ, არც ბიზნეს სექტორზე მისწავლია და არც ბიზნეს ფორუმმა მიმიზიდა, ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი ბიზნეს კურიერს. არ ვიცი, სიმართლეს ამბობდნენ თუ არა, კვალიფიციურად და პროფესიონალურ დონეზე მსჯელობდნენ თუ არა ბიზნესის შესახებ, მაგრამ ასე თუ ისე ვიგებდი რა ხდებო მსოფლიოსა და საქართველოს ბიზნეს კულუარებში.
გამოხდა ხანი და ბიზნეს კურიერს თვალი ვერ ვადევნე, მგონი ზაფხულში ისვენებნდენ კიდეც და ამ შემოდგომაზე ისე მოხდა რომ კვლავ დავუბრუნდი ჩემთვის საინტერესო გადაცემას.

რაც უფრო ხშირად ვუყურებდი ამ გადაცემას, მით უფრო ხშირად ვფიქრობდი, რომ მე და ბიზნეს კურიერი ერთამნეთს უნდა დავშორებოდით. ეს ფიქრი მართლაც რომ გაზაფხულივით მომეპარა და გაზაფხულივით ჩემში დარჩა მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ შუა დღეს გამარჯობასთან ერთად წამყვანმა (გოგიჩაიშვილი)  პასტა (თუ ავტოკალამი?) ისე მომიქნია, რომ უნებურად თავი გავწიე. მერე მეორე ხელი გამიშალა და ის-ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა, გამახსენდა ტელევიზორის შუშა მიცავდა.
არ იფიქროთ დავნებდი, მაინც ჯიუტად გავაგრძელე ყურება. ყოველ გადაცემაში პასტისა და ხელის ილეთი მარადიულად მეორდებოდა და შევეჩვიე, თუმცა სიახლეებიც ემატებოდა თამაშობების სახით.

თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ერთობი, ადვილად იგებ და სწავლობ. ამ თამაშობას კიდევ ერთი სიახლე მოყვა „თავალსაჩინოება“ - ასე ეძახდა ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი ანბანის ახსნისას გამოყენებულ ნივთებს. მაგალითად „ი“ რომ ესწავლებინა, ნალი გვაჩვენა, „ჰ“ სათამაშოო ჰამაკი, „ს“ - სათამაშო სპილო შემოგვიტანა და ასე შემდეგ.

ესეც არ არის ცუდი, თვალსაჩინოებების წყალობით გაცილებით მარტივად სწავლობ, აბსოლუტურაც უცხო ცნებას უკავშირებ მარტივს და ნაცნობს და წინ მიდიხარ.

სწორედ ასეთი თვალსაჩინოებით თამაში მოაწვეს წამყვანებმა ბიზნეს კურიერის ბოლო გადაცემაში, რომელსაც მე ვუყურე. ერთმა საათი დაინიშნა, მეორე კი ლათინური ანბანის გამოყენებით ეკონომიკის პოსტკრიზისულ თუ კრიზისულ მდგომარეობას გვიხსნიდა. (აქ ცოტა ჩავიხლართე, არ ვიცი როგორ გითხრათ, რაც მან თქვა ერთდროულად პოსტკრიზისულიც არის და რეალური კრიზისიც).

მოკლედ, ვუყურე, მორჩნენ, გადაცემა დამთავრდა და სადღაციდან მომეპარა შეკითხვა: სად იყო ბიზნესი? - არსად, მივუგე მე!


პ.ს. თვალსაჩინოების სახით თან ვურთავ გადაცემის ლინკს.  http://www.rustavi2.com/news/video_progs.php?id_clip=3427&pr=Business%20Courier&l=31&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0

ჩემი ბრენდ რეიტინგი

ამასწინათ ჭავჭავაძეზე მოვსეირნობდი. უამრავი ოფისის, მაღაზიისა და დაწესებულების აბრები და რეკლამები მიჭრელებდა გზას. ყოველი მათგანის დანახვისას გაუცნობიერებლად გარკვეული ასოციაცია მომდიოდა თავში. ზოგზე დადებითი, ზოგზე უარყოფითი, ზოგზეც არანაირი. აქამდე არასოდეს დავკვირვებივარ ამას, მაგრამ მას შემდეგ ჩვევად მექცა, რომელიმე ბრენდის რეკლამის დანახვისას ჩემს ემოციებს დავკვრვებოდი. შესაძლოა ჩემი ემოციები ემთხვავა სხვებისას, შესაძლოა ჩემში გამოწვეული ემოცია სწორედ ის არის, რაც ასე სურდათ ამ ბრენდის მარკეტინგისა და პიარი სამსახურებს. ასეა თუ ისე ჩემი ბრენდ რეიტინგი შევადგინე და მაინტერესებს იგივე იქნება თუ არა წლების შემდეგ.

  • ვინაიდან და რადგანაც საქართველოში ყველაზე მეტი აფთიაქია დავიწყებ აფთიაქებით:

1.      GPS -კარგი სერვისი, ჰიგიეური საშუალებების დიდი არჩევანი.
2.      aversi – თუ გვედით  PSP-ა იქ არასოდეს შევალ.
3.      ყვითელი აფთიაქები - იაფი და კარგი სერვისი.

  • აფთიაქების შემდეგ თბილისის ქუჩებში ბანკების ოფისები გებლანდება ფეხებში და მეც ბანკებზე გადავალ:

1.      საქართველოს ბანკი - ნახევარი საქართველო ან იქ მუშაობს ან მისი კლიენტია. მარტივი საბანკო პროცედურები. არავითარი ქველმოქმედება და სპონსორობა, არავითარი ხელოვნება.
2.      TBC-ბანკი - ხარისხი, დისტანცია, ქველმოქმედება, ჩაკეტილობა.
3.      რესპუბლიკა ბანკი - სერვისი, ხარისხი, ჩაკეტილობა და დისტანცია
4.      პროკრედიტ ბანკი - ხარისხი, მაღალი სერვისი, სანდოობა.

  • სადაზღვევო კომპანიები - პირდაპირ გეტყვით რაც ამ ორ სიტყვაზე პირველი მომდის თავში „გადამგდებები“, ტიპიური აფერისტები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელ ამ სივრცეში ძალიან მოდური გახდენე ბანკები, რომლებიც თვეში ხუთჯერ მეტ პროცენტს სთავაზობდნენ კლიენტებს ვიდრე შვეიცარიის ბანკი წელიწადში. სანამ კლინტურას მიიზიდავდნე დიდ პროცენტებს წამის სიზუსტით იხდიდნენ, მაგრამ როგორც კი საკმაო თანხას მოაგროვებდნენ, ბანკი უბრალოდ ქრებოდა. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობენ სადაზღვევო კომპანიები საქართველოში. არა, ისინი არ ქრებიან, უბრალოდ შეთავაზების პაკეტებს ვიზუალურად ცვლიან. სანამ მათთან ხელშეკრულებას გააფორმებ გპირდებიან რომ შენ ოღონდ ავად გახდი და მეტი არაფეზე იდარდო. შენი კომპანია ყველგან და ყველაფერს აგინაზრაურებს გარდა გამონაკლისებისა. ჩახედავ გამნაკლისების სიას და არც თუ ისე დიდია და თან ისეთი დაავადებებია ღმერთმა ნუ დაგმართოთ თორემ დაზღვევა ვერას გიშველის. გადის დრო ერთ დღესაც გჭირდება დაზღვევა, ექიმის 50 ლარიან კონსულტაციას გინაზრაურებს, მაგრამ იმავე ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს არა, მიზეზი, წამალის ერთ-ერთი ინგრედიენტი მცენარეულია, მცენარეულ წამლებს კი არ ანაზღაურებენ... მეორე წამალი თურმე შემაერთებელი ქსოვილების მასტიმულირებელია და ვინაიდან შენ სხვა არაფერი გჭირდება გამოდის, რომ შენი VIP დაზღვევის ბარათი უბრალოდ იმის მოწმობაა რომ გაგაცუცურაკეს, იმიტომ რომ ის 50 ლარი რომელიც კონსულტაციაში გადაგიხადეს შენ ყოველ თვე უხდი კომპანიას. ახლა ექიმებს ვკითხოთ. სასურველი ექიმის ხელში ჩასაგდებად სადაზღვევო აგენტები ბევსრ წვალობენ, დარბიან კაბინეტ-კაბინეტ, სთავაზობენ ექიმებს ნაირნაირ დაპირებეს, ეძებენ ისეთებს რომელთაც დიდი სახელი და კლიენტურა ყავს. მაგრამ როცა საქმე სადაზღვევო კომპანიიდან ექიმისთვის თანხის გადახდაზე მიდგება, უგვიანებენ, ეუბნენიან რომ მისი საბუთები დაიკარგა, უყვირიან, ბოლოს თუ საქმეში ნაცნობი ჩაერია უხდიან, თუ არა და ეუბნებიან ჩვენ კლიენტურა მოგიგროვეთო და გაწბილებულ ექიმს უარით ისტუმრებენ, მარათალია ექიმი მათთან ურთიერთობას წყვეტს, მაგრამ გადასახდელი თანხა სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე რჩება. აი, ამიტომ არ უყვართ ექიმებს სადაზღვევო კომპანიები და მატი სახელით მისული პაციენტი.


პირველი ნაწილის დასასრული.
გაგრძელება იქნება.


Monday, November 8, 2010

ქალიშვილობის ინსტიტუტიდან გადაფურთხების ინსტიტუტამდე


პროლოგის ნაცვლად
ბოლო წლებია მეტად აქტუალური გახდა ქალიშვილობის ინსტიტუტის ყოფნა არყოფნის საკითხი. პოლემიკაში ჩაერთვნენ ნამდვილი ქართველები, ყველაზე ქართველები, ჯელტმენები, გრუზინები, სვეცკები, მორწმუნენი და ურწმუნონი. შეძახილმა ხე გაახმოო უთქვამთ ძველად და ეს ინსტიტუტიც, თუ სადმე ჯერ კიდევ შემორჩა, მერწმუნეთ მალე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება.

მთავარი
ვინაიდან და რადგანაც ერთი მანკიერი ინსტიტუტი და ტრადიცია წარმატებით აღმოვფხვერით, ახლა დროა მეორეს მივხედოთ. ალბათ შეამჩნევდით რომ ბოლო წლებია ქართველ მამაკაცებში წარმატებით დაინერგა გადაფურთხების ინსტიტუტი. იფურთხებიან ყველგან და ყოველთვის: ქუჩაში, საუბრისას, აივნიდან, ფანჯრიდან, სკვერში, პაემანზე, მეტროსთან და ტუსოვკებზე. თქვენი არ ვიცი და მე ლამის ფობიად მექცა ქუჩაში მამაკაცის სიახლოვეს სიარული, განსაკუთრებით თუ ის ჩემგან შორე-ახლოს მიდის, ცოტათი მისწრებს და სავარაუდოდ ვერ მხედავს. ასეთ დროს ნაბიჯს ვანელებ და დისტანციას ვზრდი, თუმცა ყოველთვის რჩება სხვა მამაკაცის გამოჩენის საფრთხე, რომელმაც შეიძლება თავი მოატრიალოს და ერთი კარგად ჯიგრულად მომაფურთხოს.

ალბათ ამ ფობიის ბრალია რომ ჯერაც არ გავთხოვილვარ.

რამდენიმე კვირის წინ, შემოდგომის ერთ თბილ საღამოს, მე და ჩემი მეგობრები შარდენზე ლიტ.კაფის ტერასაზე ვისხედით და ტრადიციულად „ბოდლერზე“ ვსაუბრობდით. რაღაც მომენტში ფიქრი ჩვენი მაგიდიდან გამექცა, თვალიც მიყვა და ერთ სიმპათიურ ახალგაზრდაზე შეჩერდა. მაღალი, შარვალ-კოსტუმში ჩაცმული ყმაწვილი ჩემგან 2 ნაბიჯზე იდგა და მსგავსი გარეგნობის მეგობარს ესაუბრებოდა. გაღიმებული ვუყურები უცნობებს და კმაყოფილებას ვგრძნობდი რომ ასეთი ტანადი და სიმპატიური მამაკაცები  არსებობენ. უცნობმა თითქოს ჩემი მზერა იგძნო, უცებ ჩემსკენ სახით შემობრუნდა და ... მომაფურთხა. არა, არ მომხვედრია, ვერ მომწვდა ტერასის გამო...

ჰა, ჰა ჰა...  აი ზუსტად ასე დავცინე ჩემს თავს ფიქრებში, სკამი შემოვატრიალე და ზურგი შევაქციე აპოლონს...  

ეპილოგის ნაცვლად
ბატონო პრეზიდენტო, უმორჩილესად გთხოვთ დააწესოთ ჯარიმა გადაფურთხებაზე და ჯერ კიდევ შემორჩენილი ქალიშვილობის ინსტიტუტი თავისით გაქრება! /ქალები კაცებს მივუახლოვდებით/

პ.ს. 
გადაფურთხების ინსტიტუტი, ჩემი ღრმა რწმენით ჩამორჩენილი ფეოდალური რუსეთის სახსოვარი უნდა იყოს ქართველებისთვის. ამის დამადასტურებელი უტყუარი ფაქტები არ გამაჩნია, მაგრამ ერთხელ სადღაც წავიკითხე, თურმე იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს უბრძანებია, დუმაში ისე დაედგათ სკამები რომ დუმის წევრებს ერთმანეთისთვის ვერ მიეფურთხებინათ.

Friday, October 29, 2010

თბილისელი ხარ?

რამდენიმე დღის წინ მეგობრების მორიგ შეკრებაზე ერთ-ერთმა მოგვიყვა ისტორია, რომელიც მის ბიძაშვილს გადახდა ამერიკაში.

90-იან წლებში, მაშინ როცა მხედრიონი მხედრიონობდა, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი თბილისიდან ამერიკაში გადამალეს. არ მახსოვს რომელ შტატში იყო, მაგრამ იმ დროს ქართველები საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენდა მსოფლიოსათვის და მასაც წლები ქართველი არ ენახა. ერთ დღესაც სუპერმარკეტში ქართული ლაპარაკი შემოესმა, მიატოვა რასაც ყიდულობდა და გახარებული ქართველებს ეცა:
 - ქართველები ხარ? მეც ქართველი ვარ..
- კი ქართველები ვართ, შენც? თბილისელი ხარ?
- კი თბილისელი
- რა უბნელი ხარ?
...
ვაკელი იყო, ნამდვილი ვაკელი, თუმცა ამ კითხვამ ისიც კი დააბნია, რა დროს უბანია, როცა ამხელა ამერიკაში ორი ქართველი ერთმანეთს შეხვდაო, გაიფიქრა და აქვე დამთავრდა მათი ნაცნობობაც.

...
ახლა ტელევიზორს ვუყურებდი. მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების შესახებ კომპეტენტური პირი განცხადებას აკეთებდა. განცხადების შემდეგ ჯერი შეკითხვებზე მიდგა, და პირველი შეკითხვა რომელიც მას ჟურნალისტმა დაუსვე იყო - თბილისელები არიან?

-ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - უპასუხა კომპეტენტურმა პირმა და წავიდა.

...
კიდევ კარგი წავიდა, თორემ უბანსაც კითხავდნენ-თქო, გავიფიქრე...

Saturday, October 9, 2010

ისევ „ჰამლეტი“ და „მონატრება“

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება და მეც ვაგრძელებ სპექტაკლების მონახულებას.

გუშინწინ ესტონელების სპექტაკლზე ვიყავი ბანალური და ბანალურად მივიწყებული სათაურით „მონატრება“... რის ვაი-ვაგლახით მოვხვი, მას შემდეგ რაც ჩაწყობით ჟანდარმთა კორდონი გავიარე. მაყურებელს დიდი ჟრიამული გაგვქონდა, ბოლოს თავისუფალი თეატრის მესვეურმა დაგვიძახა ბოლოს და ბოლოს დასხედით, სპექტაკლი უნდა დავიწყოთო, და მეც დავჯექი გაყიდულ, მაგრამ თავისუფალ ადგილას.

არ დაგიმალავთ და სპექტაკლისთვის წესიერად არც მიყურებია, იმიტომ რომ მე და ჩემი თეატრალი ახლობლები ცუდად ვიქცეოდით და მთელი სპექტაკლი ვლაპარაკობდით.  ვერც ვერაფერს გავიგებდით, რომ არა მჟავე კიტრი, არაყი და სალიამი. ამ რეკვიზიტების გამოჩენამ კიდევ უფრო გაგვამხიარულა და ის-ის იყო სუპერმარკეტში დავაპირეთ გაქცევა მჟავე კიტრისთვის, რომ პირველი მოქმედება დასრულდა. ანქტრაქტზე მარკეტში წასვლას რა ხიბლი ჰქონდა. მეორე მოქმედებაზე გამიმართლა და ისეთი პატარა აღმოჩნდა, რომ ჩაძინება ვერ მოვასწარი. ნამდვილად არ ვიცი სპექტაკლი კარგი იყო თუ ცუდი, იმედია კარგი, თორემ ასე ხომ ვერ ვიხალისებდით. სპექტაკლიდან გამოსულებს გარეთ ისეთი თავსხმა დაგვხვდა, სულ აღარ გაგვხსენებია მჟავე კიტრი. თავზე შარფი წამოვიხურე და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეებზე ტროტუართან მდგარი ტაქსისკენ. გაღება ვცადე, არ გაიღო, ჩაბურულ ფანჯრებში მძინარე მძღოლი არ ჩანდა, მივუკაკუნე და ისევ გამოვაღე, მანქანაში არავინ დამხვდა, გაწუწული შეშინებულ-შეციებული აქეთ-იქეთ ვიყურებოდი და დანაშაულის ადგილიდან არ ვიძროდი. - აი მგონი ეს უნდა იყოს, გავიფიქრე, როცა მეტროს მხრიდან ჩემსკან ყვირილით გამოქცეული ბიჭი დავინახე „-დაბრძანდით, არ დასველდეთ!“. ჩემმა ტაქსის მძღოლმა ჩემი ქუჩა არ იცოდა და არც ის დაუმალავს, რომ დღეს მისი მეორე დღე იყო სამსახურის და არც თბილისელი გახდათ, მაგრამ ისეთი ჯელტმანი აღმოჩნდა, უცებ მოვიხიბლე. კარგია რომ სავიზიტო ბარათი მომცა, ხშირად გამოვიძახებ ხოლმე. 

გუშინ ისევ ჰამლეტზე ვიყავი... ისევ მხოლოდ პირველ მოქმედებაზე... არა, სპექტაკლი კარგი იყო, მომეწონა, მსახიობებიც და ბუთხუზა, შარვალჩახდილი და ფეხებგაყინული ჭაღარა ჰამლეტიც, ანცი ოფელიაც, სცენაზე წვიმა და ცეცხლიც... მაგრამ, მივხვდი რომ ორი „ჰამლერი“ ერთ კვირაში მეტისმეტია.

ამ დილით, ფეისბუქსზე მეგობრის კომენტარი დამხვდა ჰამლეტ-ოფელიას სიყვარულზე... და რატომღაც  თბილისის რესტორნებსა და კლუბებში ჯგუფ-ჯგუფად მოარული ბიჭები და კაფეებში მაგიდებთან შემომსხდარი გოგოები გამახსენდა... 

Tuesday, October 5, 2010

ჰამლეტი და არლეკინo


ჰამლეტი და არლეკინო
უკვე ორი წელია საქართველოში თბილისის საეთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება. შარშან სამწუხაროდ ვერ შევიგრძენი ამ ფესტივალის ხიბლი, ვინაიდან თავადაც თეატრის ნაწილი ვიყავი, ეს კი ნიშნავს რომ შენი თეატრის გარდა სხვას ვერაფერს ნახულობ. საბედნიეროდ, წელს ვითარება ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა და ვესწრები ყველა წარმოდგენას და ვნახულობ ყველაფერს, რათა გამოტოვებული ავინაზღაურო.

გუშინწინ დაიწყო ფესტივალის უცხოური პროგრამა, რომელიც დატვირთულია სახელგანთქმული და ტიტულოვანი რეჟისორების საუკეთესო სპექტაკლებით. გრობოედოვის თეატრში წარმოგვიდგინეს ცნობილი ლიტველი რეჟისორის ოსკარის კორშუნოვასის სახელგავარდნილი სპექტაკლი შექსპირის „ჰამლეტი“. დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მენახა. მსახიობები უკვე სცენაზე დამხვდნენ. საგრიმიოროს მაგიდებთან ისხდნენ ზურგით და სარკეში არეკლილი სახეებით მაყურებლისკენ. ქათველი მაყურებლის დამშვიდებას კარგა ხანი დასჭირდა და როგორც იქნა სპექტაკლი დაიწყო. ეფექტურმა და ერთფერმა განათებამ თავიდანვე მომხიბლა, მუსიკამ, უფრო სწორად უცნაურმა ფხაჭუნმა და ზუზუნმა ცოტა ყურები მატკინა და ხელები მივიჭირე, მაგრამ დანიის სამეფო კარის ბნელი ჯურღმულების ატმოსფერო შემიქმნა, რასაც სცენაზე დროდადრო წითელცხვირა ვირთხა გამიძლიერებდა, ცოტათი ცირკის კლოუნის მანერები რომ არ ჰქონოდა. ვუყურებდი წარმოდგენას და ველოდებოდი სასწაულს, რაღაცას ისეთს რაც მე გამომრჩა „ჰამლეტის“ კითხვისას ან სხვა რეჟისორებმა სხვაგვარად დაგვანახეს. (რაღაც რატომ სპექტაკლზე ყოველთვის ამ განწყობით მივდივარ, რომ იქ ისეთს აღმოვაჩენ რაც არ ვიცოდი), და როგორც იქნა ასეთი სასწაულიც აღმოვაჩინე - ინცესტი ოფელიასა და ლაერტეს შორის.  ცოტათი დავიბენი... (მათ შორის და-ძმობა ალბათ ერთ-ერთი სამაგალითოა ლიტერატულაში.) მაგრამ არ შევიმჩნიე და ისევ კეთლგანწყობილი გავაგრძელე ყურება თუ როგორ დასრიალებდნენ სცენაზე საგრიმიორო მაგიდები, რომლებიც ხშირად ოსური ცეკვის ილეთებს იმეორებდნენ, მომეწონა როგორ გადაატარეს ოფელია მაგიდებს ზემოთ, როგორ ნათთდებოდა მისი მდინარისკენ მიმავალი გზა, როგორ გადახტა წყალში და სცენა როგორ გაისროლა შხეფები... მაგრამ შევცდი.... ოფელია არ მომკვდარა... ვერ გეტყვით როდის მოკვდა, მე კიდევ ერთხელ მეგონა რომ ბოლოს და ბოლოს სული ღმერთს მიაბარა უმანკო ასულმა, მაგრამ ისევ შევცდი... ჰამლეტი არც კი ვიცი სად იყო... ასეთი მეორეხარისხოვანი ჰამლეტი არცერთ „ჰამლეტში“ არ მინახავს.“ ეგ არაფერი“, ვფიქრბდი გულში და ამ გაუთავებელ სრიალ-ყვირილ-ღრჭიალში ისევ განვაგრძობდი რაღაც ისეთის ძებნას, რაც მე, უბრალო მაყურებელს გულით დამაკვრევინებდა ტაშს.“ - ნაეტავ, რისი თქმა სურს რეჟისორს საგრიმიროს მაგიდების გადაადგილებით? - იმის ხომ არა რომ მხოლოდ სარკის წინ ვართ ნამდვილები? ალბათ, მაგრამ ამდენჯე ერთი და იგივე.... ნეტავ ეს მასხარა თაგვი რატომ დაძრწის? - ალბათ ამით გვეუბნება, რომ რაღაც დალპა ამ სამეფოში და ყველგან პოლინიუსის ჯაშუშები არიან. ნეტავ რას ნიშნავდა ეს სწყლის წვეთები?  - ოფელიას დახრჩობას ნამდვილად არა!“ .... მოკლედ ისეთი კითხვა-პასუხი მქონდა გაჩაღებული გონებაში, რომ ხანდახან მავიწყდებოდა სპექტაკლზე რომ ვიყავი და მექანიკურად ვუყურებდი სცენას.... როგორც იქნა პირველი მოქმედება დამთავრდა და ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, მივხვდი მეორეს ვერ გადავიტანდი და არც თუ ისე მცირერიცხოვან ნაცნობ-უცნობებთან ერთად გრიბოედოვის მშვენიერი თეატრი დავტოვე. თავატკიებულმა რამდენიმე მეგობართან ერთად ცოტა გავისეირნე, როგორც ვეძახი გავნიავდი და მშვიდი თბილისური კაფის ტერასაზე ჩაი დავლიე, რათა ის ყველაფერი დამვიწყებინა.

გუშინ პროგრამის მეორე მარგალიტი ვნახე, ჯორჯო სტრლერისა და კარლო გოლდონის ასევე სახელგავარდნილი ქმნილება „არლეკინო, ორი ბატონის მსახური“ (არ მეშლება, არლეკინო ქვია იტალიურად, და ჩვენში გავრცელებული არლეკინი - ფრანგულის გავლენით უნდა იყოს დამკვიდრებული). ტრადიციულად კარგა ხანი დასჭირდა მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილი ქართველი მაყურებლის დაწყნარებას და კიდევ კარგა ხანს არ დაწყნარდებოდნენ სცენაზე წელშიმოხრილი მოხუცი ბურტყუნით რომ არ გამოსულიყო და რამპის სანთლების ანთება არ დაეწყო. უცებ ვიგრძენი, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული იქწება და სცენას მხოლოდ სმენა კი არა სხეულიც მივაპყარი. ვუყურებდი გაფართოებული თვალებით ასე მონატრებულ კოსტუმებში გამოწყობილ იტალიელ მსახიობებს და გულიანად გულუბრყვილოდ ვიცინოდი თითქმის დაზეპირებულ პიესაზე. არავითარი ზუზუნი, არავითარი წივილ-კივილი, არავითარი თავზარდამცემი ბრახუნი, არავითარი მანერულობა (თუმცა ჟანრი ამას მშვენივრად აიტანდა), არავითარი ყალბი გრიმასები და რაც მთავარია არავითარი შეკითხვა - ნეტავ აქ რეჟისორმა რა ჩაიფიქრა? მე ვიყავი წარმოდგენაში, სადაც რეჟისორმა მეც, მაყურებელსაც მომცა როლი, მე გულუბრყვილოდ მოცინარი ბავშვის როლი მერგო. მიხაროდა და განვიცდიდი სპექტაკლის გმირებთან ერთად. არ მინდოდა დროზე ადრე გამჟღავნებულიყო ბეატრიჩეს საიდუმლო, მინდოდა არლეკინოსთვის ერთი ბარკალი ვინმეს მიეცა, რომ მუდამ მშიერი არ ყოფილიყო, გულით მინდოდა სკივრებში ტანსაცმელი არეოდა.... მოკლედ, ყველაფერი ის მინდოდა რაც ისედაც ვიცოდი რომ მოხდებოდა...  

ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც მე მინდოდა და კმაყოფილი და ბედნიერი სახლში დავბრუნდი.

მადლობა ჯორჯო სტრელერს, კარლო გოლდონსა და ფესტივალს რომ ერთი საღამო ბავშვობა და სპექტაკლის გმირებთან ერთად განცდის უნარი დამიბრუნეს.

პ.ს. ამ დილით, თვალები გავახილე თუ არა, ბეჭების ტკივილი ვიგრძენი... გამეღიმა, „გუშინდელი ტაშის ბრალია“- გავიფიქრე და ნოუთბუქი ჩავრთე...

ქეთი კ.

Thursday, September 30, 2010

პირველი ქართველი ხაკერი :)

ახლა საინფორმაციო გამოშვების ანონსში ტრადიციული პათოსით გვამცნეს, რომ "დიდ ბრიტანეთში დაიჭირეს 11 ხაკერი, და მათ შორის ერთი ქართველია" - და უცებ ვიგრძენი რომ გამეღიმა და გამიხარდა... გამიხარდა, რომ ქართველი მეტისმეტი ჭკუისთვის დააკავეს :) შესაძლოა ვცდები, მაგრამ ხაკერების მიმართ სიმპატიები მაქვს. არ ვიცი ეს საიდან მოდის, ალბათ ვინმე იფიქრებს ეს ოდესღაც ძველ ბიჭებს ეტყფოდაო, მაგრამ მწარედ შეცდება... მტკიცებას არ დავიწყებ, უბრალოდ მენდეთ.

როგორც იქნა, უცხოეთის ციხეში იჯდება ქართველი, რომელსაც მაღაზიიდან სათვალე და სუნამო არ მოუპარავს :)

Sunday, September 26, 2010

გამარჯობა ბლოგერებო,
დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა გამეკეთებინა ჩემი ბლოგი, მაგრამ სულ მეზარებოდა.
ამ დილით დედაჩემმა დამირეკა და ქეთევანობა მომილოცა, მერე სხვა მოლოცვებიც მოყვა და უცებ გამინათდა, მოდი რა დღეს გავხსნი ჩემს ბლოგს-მეთქი და აჰა, გავხსენი კიდეც.

დიდი ხანი არაა რაც ქეთევანობის შესახებ გავიგე, თუმცა ამ ადამიანმა (და არა წმინდანმა) ჩემი ხასიათი მნიშვნელოვნად განსაზრვრა.

ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ისტორია, მნიშვნელობა არ ჰქონდა ქვეყანას, ყველა ქვეყნის ისტორია მიყვარდა და მათ შორის საქართველოსიც. როცა ქეთევან დედოფლის შესახებ წავიკითხე, იმ ასაკში ვიყავი, როცა საგმირო საქმეების ჩადენაზე ოცნებობენ და მეც ძალიან მომინდა მსგავსი რამ ჩამედინა და უცებ მთელ სხეულში, განსაკუთრებით ბეჭებში (:) ) ისეთი ძალა ვიგრძენი, მეგონა მთელ სამყაროს გადავაბრუნებდი.

მაგრამ აი უკვე 32 წლის ვარ და მსგავსი არაფერი ჩამიდენია, თუმცა ქეთევან დედოფალმა უ-შიშ-რობა მასწავლა, მასწავლა როგორ უნდა დაამარცხო ადამიანი, რომელიც ფიზიკურად და მატერიალურად შენზე ძლიერია, და როგორ უნდა აგრძნობინო ამ ძლევამოსილ ადამიანს თავი უსუსურად :)

დიდი მადლობა ქეთევან დედოფალო :)
პატივისცემით, ქეთი კ.