Saturday, October 9, 2010

ისევ „ჰამლეტი“ და „მონატრება“

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება და მეც ვაგრძელებ სპექტაკლების მონახულებას.

გუშინწინ ესტონელების სპექტაკლზე ვიყავი ბანალური და ბანალურად მივიწყებული სათაურით „მონატრება“... რის ვაი-ვაგლახით მოვხვი, მას შემდეგ რაც ჩაწყობით ჟანდარმთა კორდონი გავიარე. მაყურებელს დიდი ჟრიამული გაგვქონდა, ბოლოს თავისუფალი თეატრის მესვეურმა დაგვიძახა ბოლოს და ბოლოს დასხედით, სპექტაკლი უნდა დავიწყოთო, და მეც დავჯექი გაყიდულ, მაგრამ თავისუფალ ადგილას.

არ დაგიმალავთ და სპექტაკლისთვის წესიერად არც მიყურებია, იმიტომ რომ მე და ჩემი თეატრალი ახლობლები ცუდად ვიქცეოდით და მთელი სპექტაკლი ვლაპარაკობდით.  ვერც ვერაფერს გავიგებდით, რომ არა მჟავე კიტრი, არაყი და სალიამი. ამ რეკვიზიტების გამოჩენამ კიდევ უფრო გაგვამხიარულა და ის-ის იყო სუპერმარკეტში დავაპირეთ გაქცევა მჟავე კიტრისთვის, რომ პირველი მოქმედება დასრულდა. ანქტრაქტზე მარკეტში წასვლას რა ხიბლი ჰქონდა. მეორე მოქმედებაზე გამიმართლა და ისეთი პატარა აღმოჩნდა, რომ ჩაძინება ვერ მოვასწარი. ნამდვილად არ ვიცი სპექტაკლი კარგი იყო თუ ცუდი, იმედია კარგი, თორემ ასე ხომ ვერ ვიხალისებდით. სპექტაკლიდან გამოსულებს გარეთ ისეთი თავსხმა დაგვხვდა, სულ აღარ გაგვხსენებია მჟავე კიტრი. თავზე შარფი წამოვიხურე და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეებზე ტროტუართან მდგარი ტაქსისკენ. გაღება ვცადე, არ გაიღო, ჩაბურულ ფანჯრებში მძინარე მძღოლი არ ჩანდა, მივუკაკუნე და ისევ გამოვაღე, მანქანაში არავინ დამხვდა, გაწუწული შეშინებულ-შეციებული აქეთ-იქეთ ვიყურებოდი და დანაშაულის ადგილიდან არ ვიძროდი. - აი მგონი ეს უნდა იყოს, გავიფიქრე, როცა მეტროს მხრიდან ჩემსკან ყვირილით გამოქცეული ბიჭი დავინახე „-დაბრძანდით, არ დასველდეთ!“. ჩემმა ტაქსის მძღოლმა ჩემი ქუჩა არ იცოდა და არც ის დაუმალავს, რომ დღეს მისი მეორე დღე იყო სამსახურის და არც თბილისელი გახდათ, მაგრამ ისეთი ჯელტმანი აღმოჩნდა, უცებ მოვიხიბლე. კარგია რომ სავიზიტო ბარათი მომცა, ხშირად გამოვიძახებ ხოლმე. 

გუშინ ისევ ჰამლეტზე ვიყავი... ისევ მხოლოდ პირველ მოქმედებაზე... არა, სპექტაკლი კარგი იყო, მომეწონა, მსახიობებიც და ბუთხუზა, შარვალჩახდილი და ფეხებგაყინული ჭაღარა ჰამლეტიც, ანცი ოფელიაც, სცენაზე წვიმა და ცეცხლიც... მაგრამ, მივხვდი რომ ორი „ჰამლერი“ ერთ კვირაში მეტისმეტია.

ამ დილით, ფეისბუქსზე მეგობრის კომენტარი დამხვდა ჰამლეტ-ოფელიას სიყვარულზე... და რატომღაც  თბილისის რესტორნებსა და კლუბებში ჯგუფ-ჯგუფად მოარული ბიჭები და კაფეებში მაგიდებთან შემომსხდარი გოგოები გამახსენდა... 

No comments:

Post a Comment