Monday, May 16, 2011

ტაქსი, მამრი და რიტორიკული შეკითხვა

რამდენიმე კვირის წინ ტაქსიში ჩავჯექი. იშვიათად მოწესრიგებული, ასე ვთქვათ,  ნამდვილი დენდი შემხვდა, მანქანაც შესაფერისად სუფთა. მძღოლმა ტრადიციულად ლაპარაკი გამიბა და რომ გაიგო ჩემი ასაკი და ოჯახური მდგომარეობა მამაშვილურად შეწუხდა. რამდენიმე რჩევა-დარიგებაც მომცა და ბოლოს მირჩია ერთ-ერთ ჟურნალში განცხადება გამომექვეყნებინა და იქნებ ასე მეპოვა "ჩემი ბედი". მეტი დამაჯერებლობისათვის საკუთარი ამბავიც მომიყვა: 
"- აი შვილო, მე მაგალითად ცოლი მყავს გაშვებული საბერძნეთში, მუშაობს იქ, უკვე ხუთი წელია, ჰოდა, რა მექნა?! კაცი ვარ, მოთხოვნები მაქვს, ამიტომ ავიღე ჟურნალი და გამოვაქვეყნე განცხადება "ვეძებ ქალს, სამეგობროდ ", ჰოდა ვიპოვე, და ვარ ახლა ბედნიერი, აღარ დავდივარ გადარეულივით, დავმშვიდდი". 

გუშინ სპექტაკლზე ვიყავი, ათონელის თეატრში, "დილა მშვიდობისა 100$-იანო" (რეჟ.: ქეთი დოლიძე) და ჩემი ტაქსისტის მონაყოლი გამახსენდა. აქაც იგივე ამბავს გვიყვება, ოღონდ ქალი. მოხუცის მომვლელად ქმრისგან საზღვარგარეთ გაშვებული ქალი, რომლის ქმარიც  ჩემი ტაქსისტივით დენდივით ცხოვრობს თბილისში. 

სპექტაკლში თითქოს მეტისმეტად ბანალურ ანუ არაფრით განსაკუთრებულ ამბავს გვიყვებიან, მაგრამ  სწორედ ამ ბანალურობამ ერთი შეკითხვა ამიკივიატა - რა აქცევს მამრს კაცად?! რა დროს ითვლება მამრი კაცად, ამ სიტყვის იმ გაგებით რა გაგებითაც კაცებს უყვართ ამის გამოყენება, მაგ.: "ნამდვილი კაცია", "კარგი კაცია", "კაცური კაცია", "კაცური ქალია". რა განსაზღვრავს ამ კაცურობას? ამ სიტყვას დღევანდელ ქართულში ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი დადებითი მნიშვნელობა, მაგრამ შესაძლოა არც ისე შორეულ მომავალში იგი ისეთივე დამამცირებლად იქცეს, როგორც დღეს ხმარობენ მამაკაცის გენიტალიების აღმნიშვნელ სინონიმებს სხვადასხვა ენაზე. დაკმაყოფილებული მამრი, რომელსაც ცოლი საზღვარგარეთ  საშოვარზე ყავს გაშვებული, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კაცად? ალბათ არა, ყოველ შემთვევაში ჩემთვის არა. იგივე ეხება უბანში ნარდის მოთამაშე მამრს, რომელებიც ლილოდან, ბაზრობიდან თუნდაც ოფისიდან მობრუნებულ ცოლს თანამოთამაშის გასაგონად მიაძახებს, "სად იყავი აქამდე, მშია".

სიმართლე გითხრათ არც ფემინისტი ვარ, არც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დამცველი. საერთოდ ვფიქრობ რომ გენდერზე ანუ სქესთა შორის თანასწორობაზე ლაპარაკი ცოტა სისულელეა, იმიტომ რომ ძირითადად ლაპარაკი უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე მიუხედავას სქესისა და სხვა ცნობილი და უცნობი განსხვავებებისა. მე ვერ ვიხსნებ, მაგრამ ალბათ სადმე იქნებიან კაცებიც, რომლებიც დილით სამსახურში მიდან, საღამოს ბავშვებს და სახლს უვლიან და ამ დროს მათი ცოლები მეგობრებთან ერთობიან, თუ ვინმეს ასეთი გეგულებათ მომწერეთ, დავიცვათ ისინიც.


ცოტა რამ სპექტაკლზე

ნახეთ, აუცილებლად, ისიამოვნებთ!!! :) 

5 comments:

  1. ra dasvenebulebi iqnebodnen qalebic da kacebic kacobrioba ertsqesiani rom kopiliko.
    ramdeni puchad dakarguli energia da emociebi gamontavisupldeboda tundac chvens mshvenier qvekanashi demokratiis da brtkinvale momavlis shenebisatvis..........

    ReplyDelete
  2. ჩემი ქმარი მეგულება ასეთი... :) სამსახურში დადის და საღამოს თუ მე მეგობრებს ვხვდები მიდის სახლში და ვახშამსაც მახვედრებს გაკეთებულს. ისე ხშირად ერთად დავდივართ... ამ სტატიის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი სიხარული.... <3

    ReplyDelete
  3. Anonymous გაუფრთხილდი შენს სიხარულს და არავისთან თქვა ვინ არის, თორემ საფრთხე აგემუქრება, როგორც დიდი ჰიუგო იტყოდა "ბედნიერებო იყავით ჩუმად" :)

    ReplyDelete
  4. ზუსტად ეგ კითხვა მეც დავუსვი საკუთარ თავს რამდენიმე დღის წინ და ხანგძლივი ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი რომ:
    ''კაცობა და სიზარმაცე შეუთავსებელი ცნებებია''

    ReplyDelete