Sunday, May 8, 2011

"ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ?!"

თბილისი პატარა ქალაქია, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ, ვერც იმას რა გააკეთე გუშინ, რას ფიქრობ ახლა და იმასაც კი რაც ჯერ თავში აზრადაც არ მოგსვლია.

ეს არის პატარა მეგაპოლისი, სადაც არასოდეს დაგემუქრება ამნეზია. უფრო სწორად, შესაძლოა დაგემუქროს, მაგრამ ვერ შეგაშინებს, ნაცნობების წყალობით ზედმიწევნით აღიდგენ წარსულს. ისინი გეტყვიან ვინ არის შენი შეყვარებული, საცოლე, საქმრო, სად მუშაობ, ვინ დაგაწყებინა, იქ ვინ გპატრონობს, ვინ არის შენი საყვარელი (არ მიყვარს სიტყვები "გელფრენდი" და "ბოიფრენდი", "ევრორემონტს" მაგონებს, "საყვარელი" რა ცუდი სიტყვაა? მგონი უკეთ გადმოსცემს საქმის არსს, თანაც მასში სიყვარულიც ურევია და რაღაც დოზით გრძნობასაც გულისხმობა. ამ "გელფრენდმა" და "ბოიფრენდმა" კი გრძნობაც შეიწირა და უბრალო ფრენდობაც; ვერავიზე გითქვამ ადამიანს ეს ჩემი მეგობარიაო, იქვე გინდება დაამატო, "უბრალოდ მეგობარია"). 

ამ მეგოპოლისში ყველა შენი გულშმატკივარია, ყველას შენი სიკეთე უნდა და ცდილობენ ხელი შეგიწყონ. ასე მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, შენს მომავალ მეუღლესთან ერთად ფეხზე წამოგიდგენ და საზეიმოდ გადღეგრძელონ რომელიმე საზეიმო სუფრაზე, ღმერთს მადლობა უთხრან, რომ თქვენ ერთამენთს შეგახვედრა, ორივეს არჩევანი მოიწონონ და გთხოვონ "დროზე ქნათ რამე", მაშინ, როცა არც შენ და არც შენი მომავალი "მეუღლე" სულაც არ ფიქრობთ არა თუ უღელში შებმაზე, ბოი-გელ-ფრენდობაზეც კი. მაგრამ ასეთ დროს არ გაბედოთ და არ იუაროთ, სადღეგრძელო შეიფერეთ და სამადლობელიც თქვით, თორემ...

არ გეგონოთ ხალხმა მხოლოდ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალიები იცის, თქვენი საქმიანი მოღვაწეობაც ზედმიწევნით აქვთ დღიურებში ჩანიშნული. აქაც გგულშემატკივრობენ.

ამასწინათ ერთმა ნაცნობმა დამირეკა და ეშმაკური ღიმილით (ტონით ვიგრძენი) მომახსენა, გავიგე ამა და ამ კონკურსის ჟიურის წევრი ყოფილხარ და შენი დახმარება მჭირდებაო. გამოუცდელმა, გულუბრყვილოდ ვუპასუხე, რომ მცდარი ინფორმაცია ქონდა და დავემშვიდობე. მწარედ შევცდი... რამდენიმე დღის წინ გადაკვრით და საკმაოდ ცინიკურად შემახსენეს, რომ იმ ჟიურის წევრი ვარ, გუშინ კი დანამდვილებით მითხრეს და პრიზიც მომთხოვეს.

....
ორი კვირის წინ კი ერთ ადამიანზე მკითხეს, რა ხდება თქვენს შორისო. არ ვიცი რატომ, ალბათ ინსტიქტურად, ვუპასუხე ვიჩხუბეთ და დავშორდით-მეთქი. არა უშავს, შერიგდებითო დამაშვიდა კითხვის ავტორმა და ამით თემა ამოიწურა. 

მიენდეთ ინსტინქტებს და იყავით ცინიკურები, გულწრფელობა არადამაჯერებელია.

P.S. თურმე გარკვეულ ასაკში პირად და საქმიან ცხოვრებაში აუცილებელი ყოფილა ვინმესთან ყოფნა, თორემ არავისთან ყოფნას ზუსტად ისეთივე გარყვნილებაში ჩაგითვლიან, როგორც ყველასთან ყოფნას.

2 comments:

  1. შენი შეფასება ფრიად მნიშვნელოვანია ჩემთვის :)

    ReplyDelete