Tuesday, November 8, 2011

კაბარე-რესტორანი "რუსთაველის თეატრი"

ამ დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა დავინახე როგორ ათვალიერებინებდა ჟურნალისტს რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მცირე სცენას. გამიხარდა, ვცქვიტე ყურები "...აი აქ, რუსთაველის მცირე დარბაზში გაიმართება სადილი საპატიო სტუმრებისთვის..." გავბრაზდი... კიდევ უფრო მივაყურადე... თურმე ნატოს გენ.მდივანი ჩამოდის და რუსთაველის თეატრში ჯერ "ქეთო და კოტეს" უჩვენებენ, მერე სადილს გაუმართავენ... ძალიან გავბრაზდი... გამახსენდა ბოლო დროს თეატრში გამართული სადილები და კონცერტები... და კიდევ უფრო გავბრაზდი "ეს თეატრი მგონი მართლა კაბარედ გადაიქცა, თანაც სამთავრობო კაბარედ"... ეს ვუთხარი თუ არა ჩემს თავს, მაშინვე გამოხტა აზრი "იქნებ ეს თეატრის გადარჩენის ერთადერთი გზაა ახალა, იქნებ ეს მერიის ეგიდით გამართული კონცერტები მისი ფიზიკური შენარჩუნების საშუალებაა... არ ვიცი! თეატრში სპექტაკლები უნდა იყო! - კი უნდა იყოს, მაგრამ არ არის! და ამხელა ფართს შენახვ ხომ უნდა?! "ფართები" გადაარჩენს კი ამ ფართს? და საერთოდ განა ფართია რუსთაველის თეატრი?!"

რუსთაველის თეატრი არც ფართია, არც კაბარე და არც საბანკეტო დარბაზი. ახლა რუსთაველის თეატრი მხოლოდ ისტორიაა, რომელსაც ჩამოვკიდებივართ და თავს არ ვუტყდებით, რომ იმ დიდებასთან ამ თეატრს კავშირი არა აქვს, ახლა რუსთაველის თეატრი მხოლოდ მისი მუზეუმია. არ ვიცი ოდესმე რუსთაველის თეატრს ამაზე მძიმე შემოქმედებით კრიზისი თუ ქონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სულ ცოტაც, აი სულ ცოტაც და აუცილებლად გამოჩნდება გმირი, რომელიც სცენაზე გამოვა და დაიჩურჩულებს "გოდო მივიდააა!"