რამდენიმე დღის წინ მეგობრების მორიგ შეკრებაზე ერთ-ერთმა მოგვიყვა ისტორია, რომელიც მის ბიძაშვილს გადახდა ამერიკაში.
90-იან წლებში, მაშინ როცა მხედრიონი მხედრიონობდა, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი თბილისიდან ამერიკაში გადამალეს. არ მახსოვს რომელ შტატში იყო, მაგრამ იმ დროს ქართველები საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენდა მსოფლიოსათვის და მასაც წლები ქართველი არ ენახა. ერთ დღესაც სუპერმარკეტში ქართული ლაპარაკი შემოესმა, მიატოვა რასაც ყიდულობდა და გახარებული ქართველებს ეცა:
- ქართველები ხარ? მეც ქართველი ვარ..
- კი ქართველები ვართ, შენც? თბილისელი ხარ?
- კი თბილისელი
- რა უბნელი ხარ?
...
ვაკელი იყო, ნამდვილი ვაკელი, თუმცა ამ კითხვამ ისიც კი დააბნია, რა დროს უბანია, როცა ამხელა ამერიკაში ორი ქართველი ერთმანეთს შეხვდაო, გაიფიქრა და აქვე დამთავრდა მათი ნაცნობობაც.
...
ახლა ტელევიზორს ვუყურებდი. მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების შესახებ კომპეტენტური პირი განცხადებას აკეთებდა. განცხადების შემდეგ ჯერი შეკითხვებზე მიდგა, და პირველი შეკითხვა რომელიც მას ჟურნალისტმა დაუსვე იყო - თბილისელები არიან?
-ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - უპასუხა კომპეტენტურმა პირმა და წავიდა.
...
კიდევ კარგი წავიდა, თორემ უბანსაც კითხავდნენ-თქო, გავიფიქრე...
Friday, October 29, 2010
Saturday, October 9, 2010
ისევ „ჰამლეტი“ და „მონატრება“
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება და მეც ვაგრძელებ სპექტაკლების მონახულებას.
გუშინწინ ესტონელების სპექტაკლზე ვიყავი ბანალური და ბანალურად მივიწყებული სათაურით „მონატრება“... რის ვაი-ვაგლახით მოვხვი, მას შემდეგ რაც ჩაწყობით ჟანდარმთა კორდონი გავიარე. მაყურებელს დიდი ჟრიამული გაგვქონდა, ბოლოს თავისუფალი თეატრის მესვეურმა დაგვიძახა ბოლოს და ბოლოს დასხედით, სპექტაკლი უნდა დავიწყოთო, და მეც დავჯექი გაყიდულ, მაგრამ თავისუფალ ადგილას.
არ დაგიმალავთ და სპექტაკლისთვის წესიერად არც მიყურებია, იმიტომ რომ მე და ჩემი თეატრალი ახლობლები ცუდად ვიქცეოდით და მთელი სპექტაკლი ვლაპარაკობდით. ვერც ვერაფერს გავიგებდით, რომ არა მჟავე კიტრი, არაყი და სალიამი. ამ რეკვიზიტების გამოჩენამ კიდევ უფრო გაგვამხიარულა და ის-ის იყო სუპერმარკეტში დავაპირეთ გაქცევა მჟავე კიტრისთვის, რომ პირველი მოქმედება დასრულდა. ანქტრაქტზე მარკეტში წასვლას რა ხიბლი ჰქონდა. მეორე მოქმედებაზე გამიმართლა და ისეთი პატარა აღმოჩნდა, რომ ჩაძინება ვერ მოვასწარი. ნამდვილად არ ვიცი სპექტაკლი კარგი იყო თუ ცუდი, იმედია კარგი, თორემ ასე ხომ ვერ ვიხალისებდით. სპექტაკლიდან გამოსულებს გარეთ ისეთი თავსხმა დაგვხვდა, სულ აღარ გაგვხსენებია მჟავე კიტრი. თავზე შარფი წამოვიხურე და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეებზე ტროტუართან მდგარი ტაქსისკენ. გაღება ვცადე, არ გაიღო, ჩაბურულ ფანჯრებში მძინარე მძღოლი არ ჩანდა, მივუკაკუნე და ისევ გამოვაღე, მანქანაში არავინ დამხვდა, გაწუწული შეშინებულ-შეციებული აქეთ-იქეთ ვიყურებოდი და დანაშაულის ადგილიდან არ ვიძროდი. - აი მგონი ეს უნდა იყოს, გავიფიქრე, როცა მეტროს მხრიდან ჩემსკან ყვირილით გამოქცეული ბიჭი დავინახე „-დაბრძანდით, არ დასველდეთ!“. ჩემმა ტაქსის მძღოლმა ჩემი ქუჩა არ იცოდა და არც ის დაუმალავს, რომ დღეს მისი მეორე დღე იყო სამსახურის და არც თბილისელი გახდათ, მაგრამ ისეთი ჯელტმანი აღმოჩნდა, უცებ მოვიხიბლე. კარგია რომ სავიზიტო ბარათი მომცა, ხშირად გამოვიძახებ ხოლმე.
გუშინ ისევ ჰამლეტზე ვიყავი... ისევ მხოლოდ პირველ მოქმედებაზე... არა, სპექტაკლი კარგი იყო, მომეწონა, მსახიობებიც და ბუთხუზა, შარვალჩახდილი და ფეხებგაყინული ჭაღარა ჰამლეტიც, ანცი ოფელიაც, სცენაზე წვიმა და ცეცხლიც... მაგრამ, მივხვდი რომ ორი „ჰამლერი“ ერთ კვირაში მეტისმეტია.
ამ დილით, ფეისბუქსზე მეგობრის კომენტარი დამხვდა ჰამლეტ-ოფელიას სიყვარულზე... და რატომღაც თბილისის რესტორნებსა და კლუბებში ჯგუფ-ჯგუფად მოარული ბიჭები და კაფეებში მაგიდებთან შემომსხდარი გოგოები გამახსენდა...
Labels:
Art
Tuesday, October 5, 2010
ჰამლეტი და არლეკინo
ჰამლეტი და არლეკინო
უკვე ორი წელია საქართველოში თბილისის საეთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება. შარშან სამწუხაროდ ვერ შევიგრძენი ამ ფესტივალის ხიბლი, ვინაიდან თავადაც თეატრის ნაწილი ვიყავი, ეს კი ნიშნავს რომ შენი თეატრის გარდა სხვას ვერაფერს ნახულობ. საბედნიეროდ, წელს ვითარება ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა და ვესწრები ყველა წარმოდგენას და ვნახულობ ყველაფერს, რათა გამოტოვებული ავინაზღაურო.
გუშინწინ დაიწყო ფესტივალის უცხოური პროგრამა, რომელიც დატვირთულია სახელგანთქმული და ტიტულოვანი რეჟისორების საუკეთესო სპექტაკლებით. გრობოედოვის თეატრში წარმოგვიდგინეს ცნობილი ლიტველი რეჟისორის ოსკარის კორშუნოვასის სახელგავარდნილი სპექტაკლი შექსპირის „ჰამლეტი“. დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მენახა. მსახიობები უკვე სცენაზე დამხვდნენ. საგრიმიოროს მაგიდებთან ისხდნენ ზურგით და სარკეში არეკლილი სახეებით მაყურებლისკენ. ქათველი მაყურებლის დამშვიდებას კარგა ხანი დასჭირდა და როგორც იქნა სპექტაკლი დაიწყო. ეფექტურმა და ერთფერმა განათებამ თავიდანვე მომხიბლა, მუსიკამ, უფრო სწორად უცნაურმა ფხაჭუნმა და ზუზუნმა ცოტა ყურები მატკინა და ხელები მივიჭირე, მაგრამ დანიის სამეფო კარის ბნელი ჯურღმულების ატმოსფერო შემიქმნა, რასაც სცენაზე დროდადრო წითელცხვირა ვირთხა გამიძლიერებდა, ცოტათი ცირკის კლოუნის მანერები რომ არ ჰქონოდა. ვუყურებდი წარმოდგენას და ველოდებოდი სასწაულს, რაღაცას ისეთს რაც მე გამომრჩა „ჰამლეტის“ კითხვისას ან სხვა რეჟისორებმა სხვაგვარად დაგვანახეს. (რაღაც რატომ სპექტაკლზე ყოველთვის ამ განწყობით მივდივარ, რომ იქ ისეთს აღმოვაჩენ რაც არ ვიცოდი), და როგორც იქნა ასეთი სასწაულიც აღმოვაჩინე - ინცესტი ოფელიასა და ლაერტეს შორის. ცოტათი დავიბენი... (მათ შორის და-ძმობა ალბათ ერთ-ერთი სამაგალითოა ლიტერატულაში.) მაგრამ არ შევიმჩნიე და ისევ კეთლგანწყობილი გავაგრძელე ყურება თუ როგორ დასრიალებდნენ სცენაზე საგრიმიორო მაგიდები, რომლებიც ხშირად ოსური ცეკვის ილეთებს იმეორებდნენ, მომეწონა როგორ გადაატარეს ოფელია მაგიდებს ზემოთ, როგორ ნათთდებოდა მისი მდინარისკენ მიმავალი გზა, როგორ გადახტა წყალში და სცენა როგორ გაისროლა შხეფები... მაგრამ შევცდი.... ოფელია არ მომკვდარა... ვერ გეტყვით როდის მოკვდა, მე კიდევ ერთხელ მეგონა რომ ბოლოს და ბოლოს სული ღმერთს მიაბარა უმანკო ასულმა, მაგრამ ისევ შევცდი... ჰამლეტი არც კი ვიცი სად იყო... ასეთი მეორეხარისხოვანი ჰამლეტი არცერთ „ჰამლეტში“ არ მინახავს.“ ეგ არაფერი“, ვფიქრბდი გულში და ამ გაუთავებელ სრიალ-ყვირილ-ღრჭიალში ისევ განვაგრძობდი რაღაც ისეთის ძებნას, რაც მე, უბრალო მაყურებელს გულით დამაკვრევინებდა ტაშს.“ - ნაეტავ, რისი თქმა სურს რეჟისორს საგრიმიროს მაგიდების გადაადგილებით? - იმის ხომ არა რომ მხოლოდ სარკის წინ ვართ ნამდვილები? ალბათ, მაგრამ ამდენჯე ერთი და იგივე.... ნეტავ ეს მასხარა თაგვი რატომ დაძრწის? - ალბათ ამით გვეუბნება, რომ რაღაც დალპა ამ სამეფოში და ყველგან პოლინიუსის ჯაშუშები არიან. ნეტავ რას ნიშნავდა ეს სწყლის წვეთები? - ოფელიას დახრჩობას ნამდვილად არა!“ .... მოკლედ ისეთი კითხვა-პასუხი მქონდა გაჩაღებული გონებაში, რომ ხანდახან მავიწყდებოდა სპექტაკლზე რომ ვიყავი და მექანიკურად ვუყურებდი სცენას.... როგორც იქნა პირველი მოქმედება დამთავრდა და ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, მივხვდი მეორეს ვერ გადავიტანდი და არც თუ ისე მცირერიცხოვან ნაცნობ-უცნობებთან ერთად გრიბოედოვის მშვენიერი თეატრი დავტოვე. თავატკიებულმა რამდენიმე მეგობართან ერთად ცოტა გავისეირნე, როგორც ვეძახი გავნიავდი და მშვიდი თბილისური კაფის ტერასაზე ჩაი დავლიე, რათა ის ყველაფერი დამვიწყებინა.
გუშინ პროგრამის მეორე მარგალიტი ვნახე, ჯორჯო სტრლერისა და კარლო გოლდონის ასევე სახელგავარდნილი ქმნილება „არლეკინო, ორი ბატონის მსახური“ (არ მეშლება, არლეკინო ქვია იტალიურად, და ჩვენში გავრცელებული არლეკინი - ფრანგულის გავლენით უნდა იყოს დამკვიდრებული). ტრადიციულად კარგა ხანი დასჭირდა მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილი ქართველი მაყურებლის დაწყნარებას და კიდევ კარგა ხანს არ დაწყნარდებოდნენ სცენაზე წელშიმოხრილი მოხუცი ბურტყუნით რომ არ გამოსულიყო და რამპის სანთლების ანთება არ დაეწყო. უცებ ვიგრძენი, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული იქწება და სცენას მხოლოდ სმენა კი არა სხეულიც მივაპყარი. ვუყურებდი გაფართოებული თვალებით ასე მონატრებულ კოსტუმებში გამოწყობილ იტალიელ მსახიობებს და გულიანად გულუბრყვილოდ ვიცინოდი თითქმის დაზეპირებულ პიესაზე. არავითარი ზუზუნი, არავითარი წივილ-კივილი, არავითარი თავზარდამცემი ბრახუნი, არავითარი მანერულობა (თუმცა ჟანრი ამას მშვენივრად აიტანდა), არავითარი ყალბი გრიმასები და რაც მთავარია არავითარი შეკითხვა - ნეტავ აქ რეჟისორმა რა ჩაიფიქრა? მე ვიყავი წარმოდგენაში, სადაც რეჟისორმა მეც, მაყურებელსაც მომცა როლი, მე გულუბრყვილოდ მოცინარი ბავშვის როლი მერგო. მიხაროდა და განვიცდიდი სპექტაკლის გმირებთან ერთად. არ მინდოდა დროზე ადრე გამჟღავნებულიყო ბეატრიჩეს საიდუმლო, მინდოდა არლეკინოსთვის ერთი ბარკალი ვინმეს მიეცა, რომ მუდამ მშიერი არ ყოფილიყო, გულით მინდოდა სკივრებში ტანსაცმელი არეოდა.... მოკლედ, ყველაფერი ის მინდოდა რაც ისედაც ვიცოდი რომ მოხდებოდა...
ბოლოს ყველაფერი ისე მოხდა როგორც მე მინდოდა და კმაყოფილი და ბედნიერი სახლში დავბრუნდი.
მადლობა ჯორჯო სტრელერს, კარლო გოლდონსა და ფესტივალს რომ ერთი საღამო ბავშვობა და სპექტაკლის გმირებთან ერთად განცდის უნარი დამიბრუნეს.
პ.ს. ამ დილით, თვალები გავახილე თუ არა, ბეჭების ტკივილი ვიგრძენი... გამეღიმა, „გუშინდელი ტაშის ბრალია“- გავიფიქრე და ნოუთბუქი ჩავრთე...
ქეთი კ.
Labels:
Art
Subscribe to:
Posts (Atom)