Sunday, October 21, 2012

This is a man's world


პირვლად იყო კაცი...
და კაცი იგი იყო შემოქმედი...

თავდაპირველად, კაცმა შექმნა სახლი და ეზო და სახლი იგი იყო ცივი და ბნელი.
მეორე დღეს დაანთო კაცმა ცეცხლი და გაანათა და გაათბო სახლი.
მესამე დღეს კაცმა მოაშენა ფრინველი და ცხოველი... თევზი გუბურაში.
მეოთხე დღეს დარგო ხე და დათესა ხორბალი.
მეხუთე დღეს დაწერა წიგნი და უწოდა მას წესები მისთვის
მეექვსე დღეს მოიყვანა ქალი, აჩვენა სახლი და ეზო და ყველა სულიერი, მისცა წიგნი და უთხრა: აჰა, შენია ყველაფერი ესე, მოუარე და იცხოვრე განცხრომით... არასოდეს დაივიწყო წესები შენთვის და იყავი ბედნიერი...

მეშვიდე დღეს გადახედა კაცმა თავის ქმნილებას და კმაყოფილმა დაისვენა.

Thursday, June 28, 2012

დროა გადავარჩინოთ დემოკრატია საქართველოში


Le Monde.fr |  • Mis à jour le 
საუბრობს სერ გრეიემ ვოტსონი (Graham Watson), ბრიტანელი დეპუტატი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის წევრი. 

ევროპელთა იმედი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელი იყო წარმოქმნილიყო სამოქალაქო საზოგადოება, კომპრომეტირებული იქნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანდათან  მზარდი ავტორტარიზმით. ამ კვირაში ბრიუსელში ვიზიტის დროს, როგორც ჩანს საჭიროა გავაგებინოთ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერს, რომ მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ოქტომბრის არჩევნების პირატული გზით მოგებისათვის შემუშავებული მანევრები.

19 ივნისს, ევროგაერთიანების ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, მოუწოდა საქართველოს მთავრობას თავისი ძალისხმევა „მნიშვნელოვნად გააფართოოს პოლიტიკური ტოლერანტობისა და პლურალიზმის დამყარების საქმეში“. 20 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებაში ლაპარაკია „შიშისა და დაშინების კლიმატზე ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“. მეორე დღეს, უგულვებელყვეს რა ეს გაფრთხილება, მთავრობამ დაიწყო ყადაღის დადება ათასობით პარაბოლურ თეფშზე, რომელიც ეკუთვნოდა დამოუკიდებელ საკაბელო კომპანიას, რომლის მიზანი იყო შეემცირებინა ხელისუფლების ვირტუალური მონოპოლია ნაციონალურ საინფორმაციო არხემზე.

ამ თავდასხმის ერთადერთი მთავარი  მიზეზი გახლავთ  მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების ყოფილი მხარდამჭერი, გამოემშვიდობა საქართველოს მოქალაქეობას ცრუ მოტივებით, მას შემდეგ რაც განაცხადა თავისი ინტერესების შესახებ წასულიყო პოლიტიკაში და შეერთებოდა ოპოზიციას. მოქალაქეობა მისთვის ჯერაც არ აღუდგენიათ.

გარადა ამისა, სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ოპოზიციას ლიმიტს უწესებს დაფინანსებაში. მან 74 მილიონი ლარით დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილი და შემოიღო დაშინების სისტემა პერსონალის და პროფესიონალების მიმართ ვინც მხარს უჭერს ოპოზიციას. სამსახურიდან დაითხოვეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავენი, ასევე მასწავლებლები, რომელთაც გაბედეს და შეუერთდნენ ოპოზიციას.

მაშინ როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მოხიბლოს საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთის ლიდერებმა მას აუხსნენ თავიანთი შეშფოთება მისი პოლიტიკის მიმართ. ევროკომისარმა სტეფან ფულემ მოითხოვა, რომ 2012 წლის არჩევნები ჩატარდეს პარიტეტულ (თანაბარ) საწყისებზე. მაშინ როცა ამრეიკის შეერთებული შტატების გენერალურმა მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში ვიზიტისას შემდეგი გაფრთხილება გააკეთა: „საქართველოს უსაფრთხოება და ხანგრძივი აყვავება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თქვენი დემოკრატიის ხარისხზე.“

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართველებმა უნდა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის გაზაფხულზე. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის კენჭს არ იყრის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ნათლად გაგვაგებინა რომ მას სურს გახდეს მომავალი პრემიერ მინისტრი, თანამდებობა, რომელიც მას უფლებას მისცემს მიიღოს გაცილებით მეტი ძალაუფლება, ბოლო დროს გატარებული საკონსტიტუციო რეფორმების წყალობით.  მართალია ეს არჩევნები რამდენიმე თვეში იქნება, ფაქტები ნათლად მეტყველებენ, რომ მმართველმა პარტიამ უკვე მოახაერხა მოეპარა (წაერთმია) ქართველი ხალხითვის ნამდვილი არჩევანის გაკეთების უფლება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილის ამ ვიზიტისას ბრიუსელში ევროპელმა ლიდერებმა დაუფარავად გააგებინონ მიხეილ სააკაშვილს, რომ ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასმები ოპოზიციაზე მიუღებელია. ევროგაერთიანებას აქვს მნიშვნელობანი ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როცა ის იწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალ შათანხმებაზე. ვარდების რევოლუციის დროს დაბადებული თავისუფლებისა და დემოკრატიის იმედი არ უნდა დაზარალდეს რევოლუციის ზოგიერთი ინიციატორის ქმედებების შედეგად.

სერ გრეიემ ვოტსონი ასევე არის ევროპის ლიბერალური, დემოკრატიული და რეფორმატორული პარტიის პრეზიდენტი



  

Tuesday, November 8, 2011

კაბარე-რესტორანი "რუსთაველის თეატრი"

ამ დილით ტელევიზორი ჩავრთე თუ არა დავინახე როგორ ათვალიერებინებდა ჟურნალისტს რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მცირე სცენას. გამიხარდა, ვცქვიტე ყურები "...აი აქ, რუსთაველის მცირე დარბაზში გაიმართება სადილი საპატიო სტუმრებისთვის..." გავბრაზდი... კიდევ უფრო მივაყურადე... თურმე ნატოს გენ.მდივანი ჩამოდის და რუსთაველის თეატრში ჯერ "ქეთო და კოტეს" უჩვენებენ, მერე სადილს გაუმართავენ... ძალიან გავბრაზდი... გამახსენდა ბოლო დროს თეატრში გამართული სადილები და კონცერტები... და კიდევ უფრო გავბრაზდი "ეს თეატრი მგონი მართლა კაბარედ გადაიქცა, თანაც სამთავრობო კაბარედ"... ეს ვუთხარი თუ არა ჩემს თავს, მაშინვე გამოხტა აზრი "იქნებ ეს თეატრის გადარჩენის ერთადერთი გზაა ახალა, იქნებ ეს მერიის ეგიდით გამართული კონცერტები მისი ფიზიკური შენარჩუნების საშუალებაა... არ ვიცი! თეატრში სპექტაკლები უნდა იყო! - კი უნდა იყოს, მაგრამ არ არის! და ამხელა ფართს შენახვ ხომ უნდა?! "ფართები" გადაარჩენს კი ამ ფართს? და საერთოდ განა ფართია რუსთაველის თეატრი?!"

რუსთაველის თეატრი არც ფართია, არც კაბარე და არც საბანკეტო დარბაზი. ახლა რუსთაველის თეატრი მხოლოდ ისტორიაა, რომელსაც ჩამოვკიდებივართ და თავს არ ვუტყდებით, რომ იმ დიდებასთან ამ თეატრს კავშირი არა აქვს, ახლა რუსთაველის თეატრი მხოლოდ მისი მუზეუმია. არ ვიცი ოდესმე რუსთაველის თეატრს ამაზე მძიმე შემოქმედებით კრიზისი თუ ქონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სულ ცოტაც, აი სულ ცოტაც და აუცილებლად გამოჩნდება გმირი, რომელიც სცენაზე გამოვა და დაიჩურჩულებს "გოდო მივიდააა!"

Wednesday, May 18, 2011

მედეა ჩახავა - გახსენება გახსენებისთვის და არა სამახსოვროდ

გუშინ რუსთაველის თეატრში მსახიობ მედეა ჩახავას ხსოვნის საღამო გაიმართა. თეატრის ფეისბუქის გვერდზე დადებული ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ძლიან ლამაზი, დახვეწილი, თბილი, თბილისური და ქართული საღამო გამოვიდა. სიტყვით გამოვიდნენ ქალბატონ მედეას მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს იგი და მის შესახებ მოუყვნენ იქ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც შედგებოდა რა თქმა უნდა ქალბატონი მედეას მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგებისაგან ანუ იმ ადამიანებისაგან ვინც ისედაც ბევრი იცოდა ამ უსაყვარლესი ქალბატონის შესახებ.  


ფოტოების თვალიერებისას თვალში მომხვდა ერთი ფაქტი - დარბაზში არ არიან ახალგაზრები და იქ მყოფთა საშუალო ასაკი 50 წელს არ აღემატება. არ მახსოვს აღმოსავლური და არ მახსოვს დასავლური სიბრძნე ამბობს, ადამიანი მანამდე ცოცხლობს, სანამდეც იგი ახსოვთ. მგონი ქალბატონი მედეა იმსახურებს, რომ იგი რაც შეიძება დიდხანს ახსოვდეთ და გარდა ოჯახისა და მეგობრების საკმაოდ დიდი წრისა, მის შესახებ იმ ახალგაზრდებმაც გაიგონ, რომლებსაც ის სამწუხაროდ სცენაზე არ უნახავთ მათი ასაკის გამო. 



Tuesday, May 17, 2011

თეთრხალათიანთა ტყვეობაში ანუ დაუჯერებელი ოდისეის დამაჯერებელი ფაქტები

დღე პირველი

დილის 9 საათზე სახლიდან გავედით და არამიანცის საავადმყოფოს მივაშურეთ. ენდოკრინოლოგიური განყოფილების ძებნაში სამშენებლო მოედანზე მოვხვდით. წინასარემონტოდ გამზადებული კორპუსის მესამე სართულზე ავედით მას შემდეგ რაც კიბის "პლაშატკაზე" მჯდარი მრავალშვილიანი მათხოვარი ქალის საბაჟო გავიარეთ. კარის შეღებისთანავე ცემენტნარევი დახუთული ჰაერი გვეცა და ხალხის ცოცხალ შლაგბაუმს გადავაწყდით. შლაგბაუმი იწყებოდა კართნ წარწერით "ანალიზების ჩაბარება". გავარღვიეთ რა ხალხის შლაგბაუმი, დერეფანში თვალმოკრულ ერთადერთ თეთრხალაიანს ვკითხე სად შეიძლებოდა მეპოვა ჩემთვის სასურველი ექიმი. გოგონამ პლანშეტზე დაკრული გეგმა დამანახა და გულმოდგინედ აგვიხსნა რუკა მიმდებარე რეტიტორიისა, რათა სხვა კორპუსში გადაბარგებული ექიმისთვი მიგვეგნო.

ორიენტაციის კარგი უნარის წყალობით კორპუსს ადვილად მივაგენი, თუმცა კორპუსის შესასვლელ ერთადერთ კარს ორივე მისასვლელიდან წითელ-თეთრზოლიანი ლენტი გვიჭრიდა, იმ იმედით, რომ სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში არ შევსულიყავით. მაგრამ არ დაგიმალავთ და მისმა მცდელობამ ვერ გასჭრა, ლენტი ავწიე და სანუკვარ კორპუსში შევედით. შესვლისთანავე თეთრხალათიანი გოგონა შემოგვეგება და მას შემდეგ, რაც მოვახსენეთ ამა და ამ ექიმის ნახვა გვსურდა, განგვიმარტა, ჯერ ექიმთან ვერ შეხვალთ, თვადაპირველად ჩემთნ უნდა გაიაროთ კონსულტაციაო, საჭირო ანალიზებს მე დაგინიშნავთ და მხოლოდ პასუხების მოტანის შემდგე ჩაგწერთ ექიმთან მიღებაზეო. არ გაგვიპროტესტებია (ანუ მოდას არ ავყევით), დავმორჩილდით (ანუ ვისვეცკავეთ) და ანალიზების ასაღებად იმ კორპუსში გადავედით საიდანაც ამ ექიმთან გამოგვიშვეს. 

ისევ გავიარეთ სიცოცხრლისათვის საშიში ზონა, გადავლახეთ შესასვლელთან მიწყობილი ცემენტის ტომრები, მათხოვრების საბაჟო, მესამე სართულის შლაგბაუმს მივადექით და მის ნაწილად ვიქეცით. არ ვიცი მერემდენე ვიყავით, მაგრამ სანუკვარი ანალიზის ჩაბარება მხოლოდ 2 საათისა და 15 წულის ლოდინის შემდეგ მოვახერხეთ.  დამავიწყდა მეთქვა, გოგონამ იმ კორპუსიდან განგვიმარტა რომ ანალიზების პასუხებს სჭირდება ერთი კვირა, თუმცა შესაძლებელია იყიო დღესვე თუ ცოტა ძვირს გადავიხდით. რა თქმა უნდა, ისევე როოგორც შლაგბაუმის შემადგენელ ნაწილთა უმრავლეობამ ჩვენც სასწრაფო ანალიზი გავუკეთეთ და პასუხისთვის საღამოს ექვს საათზე დაგვიბარეს. ამასობაში 3-ის ნახევარმა მოატანა და ცოტა არ იყოს მოგვშივდა. გავედით და იქვე პატარა კაფეში წავიხემსეთ. ისევ დამავიწყდა მეთქვა, რომ გოგონამ იმ კორპუსიდან ექოსკოპიის გადაღებაც დაგვინიშნა, მაგრამ ვინაიდან ექიმს ვერ მიაგნო და ვერც  იმას ვინც მის შესახებ რამე იცოდა, გვირჩია მოგვიანებით შემოგვევლო. 

წახემსების შემდეგ ისევ იმ კორპუსში მივედით ექოსკოპისტის ძიებაში და როგორც გვითხრეს რიგში ჩავდექით, თუმცა ექიმის ასავალ-დასავალი ისევ გაურკვევლი იყო. უცებ ხმა დაიხა (საიდან არ ვიცი) ექიმი ძველ კორპუსშია და იქ იღებს პაციენტებსო. ისევ გავიარეთ საშიში ზონა, ცემენტების ტომრები, საბაჟო, შემოკლებული შლაგბაუმი და დერეფნის ბოლოს მივადექით ოთახს წარწერით "ექოსკოპია" და ქალთა მშფოთვარე გუნდით. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ექიმი ოთახიდან გამოვიდა და კიბეებს ჩაუყვა, 40 წუთის შემდეგ მომლოდინე ქალები შეწუხდენე და კითხვაზე სად წავიდა ექიმი ახალგაზრდა გოგონამ მიუგო "ახალ კორპუსში პაციენტების მისაღებად". აქ უკვე, მსუბუქად რომ ვთქვა განვრისხდი და ახალი კორპუსისკენ გავქანდი ექიმის "მოსანახულებლად". როგორც კი საშიშ ზონას მივიახლოვდი თეათრხალათიან ნაშობას გადავაწყდი, ერთ-ერთი (სავარაუდოდ მეთაური) დახვეწილი გაწელილი ქართულით რიტორიკულად სვამდა შეკითხვას რა საჭირო იყო აქ ეს თეთრ-წიტელი ლენტი, რომელიც პაციენტებს მათკენ მიმავალ გზას უღობავდა. ამაზე კორპუსის კედელზე ხარაჩოებზე ჩამომჯდარმა მუშამ გადმოსძახა "იმისთვის ქალბატონო, შემთხვეით მარცხი არ მომივიდეს და თქვნი სალონში დავარცნილი თმა არ გავგაჯოო". თეთრხალათიანმა ნაშამ ცინიკურად ახედა მუშას და დახვეწილი მანერით აწია ლენტი. ის-ის იყო ახალ კოორპუსში უნდა შევსულიყავი,  ძველი კორპუსიდან დამირეკეს  ექიმი დაბრუნდაო და მეც უკან მივბრუნდი. როგორც იქნა ჩვენი როგიც მოვიდა, ამასობაში 6 საათიც გახდა და ანალიზების პასუხიც ხელთ გვქონდა. 

პირველი დღის დასასრული.

გაგარძელება იქნება. 

Monday, May 16, 2011

ტაქსი, მამრი და რიტორიკული შეკითხვა

რამდენიმე კვირის წინ ტაქსიში ჩავჯექი. იშვიათად მოწესრიგებული, ასე ვთქვათ,  ნამდვილი დენდი შემხვდა, მანქანაც შესაფერისად სუფთა. მძღოლმა ტრადიციულად ლაპარაკი გამიბა და რომ გაიგო ჩემი ასაკი და ოჯახური მდგომარეობა მამაშვილურად შეწუხდა. რამდენიმე რჩევა-დარიგებაც მომცა და ბოლოს მირჩია ერთ-ერთ ჟურნალში განცხადება გამომექვეყნებინა და იქნებ ასე მეპოვა "ჩემი ბედი". მეტი დამაჯერებლობისათვის საკუთარი ამბავიც მომიყვა: 
"- აი შვილო, მე მაგალითად ცოლი მყავს გაშვებული საბერძნეთში, მუშაობს იქ, უკვე ხუთი წელია, ჰოდა, რა მექნა?! კაცი ვარ, მოთხოვნები მაქვს, ამიტომ ავიღე ჟურნალი და გამოვაქვეყნე განცხადება "ვეძებ ქალს, სამეგობროდ ", ჰოდა ვიპოვე, და ვარ ახლა ბედნიერი, აღარ დავდივარ გადარეულივით, დავმშვიდდი". 

გუშინ სპექტაკლზე ვიყავი, ათონელის თეატრში, "დილა მშვიდობისა 100$-იანო" (რეჟ.: ქეთი დოლიძე) და ჩემი ტაქსისტის მონაყოლი გამახსენდა. აქაც იგივე ამბავს გვიყვება, ოღონდ ქალი. მოხუცის მომვლელად ქმრისგან საზღვარგარეთ გაშვებული ქალი, რომლის ქმარიც  ჩემი ტაქსისტივით დენდივით ცხოვრობს თბილისში. 

სპექტაკლში თითქოს მეტისმეტად ბანალურ ანუ არაფრით განსაკუთრებულ ამბავს გვიყვებიან, მაგრამ  სწორედ ამ ბანალურობამ ერთი შეკითხვა ამიკივიატა - რა აქცევს მამრს კაცად?! რა დროს ითვლება მამრი კაცად, ამ სიტყვის იმ გაგებით რა გაგებითაც კაცებს უყვართ ამის გამოყენება, მაგ.: "ნამდვილი კაცია", "კარგი კაცია", "კაცური კაცია", "კაცური ქალია". რა განსაზღვრავს ამ კაცურობას? ამ სიტყვას დღევანდელ ქართულში ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი დადებითი მნიშვნელობა, მაგრამ შესაძლოა არც ისე შორეულ მომავალში იგი ისეთივე დამამცირებლად იქცეს, როგორც დღეს ხმარობენ მამაკაცის გენიტალიების აღმნიშვნელ სინონიმებს სხვადასხვა ენაზე. დაკმაყოფილებული მამრი, რომელსაც ცოლი საზღვარგარეთ  საშოვარზე ყავს გაშვებული, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კაცად? ალბათ არა, ყოველ შემთვევაში ჩემთვის არა. იგივე ეხება უბანში ნარდის მოთამაშე მამრს, რომელებიც ლილოდან, ბაზრობიდან თუნდაც ოფისიდან მობრუნებულ ცოლს თანამოთამაშის გასაგონად მიაძახებს, "სად იყავი აქამდე, მშია".

სიმართლე გითხრათ არც ფემინისტი ვარ, არც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დამცველი. საერთოდ ვფიქრობ რომ გენდერზე ანუ სქესთა შორის თანასწორობაზე ლაპარაკი ცოტა სისულელეა, იმიტომ რომ ძირითადად ლაპარაკი უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე მიუხედავას სქესისა და სხვა ცნობილი და უცნობი განსხვავებებისა. მე ვერ ვიხსნებ, მაგრამ ალბათ სადმე იქნებიან კაცებიც, რომლებიც დილით სამსახურში მიდან, საღამოს ბავშვებს და სახლს უვლიან და ამ დროს მათი ცოლები მეგობრებთან ერთობიან, თუ ვინმეს ასეთი გეგულებათ მომწერეთ, დავიცვათ ისინიც.


ცოტა რამ სპექტაკლზე

ნახეთ, აუცილებლად, ისიამოვნებთ!!! :) 

Sunday, May 8, 2011

"ხომ იცი, ვერაფერს გამომაპარებ?!"

თბილისი პატარა ქალაქია, ვერავის ვერაფერს გამოაპარებ, ვერც იმას რა გააკეთე გუშინ, რას ფიქრობ ახლა და იმასაც კი რაც ჯერ თავში აზრადაც არ მოგსვლია.

ეს არის პატარა მეგაპოლისი, სადაც არასოდეს დაგემუქრება ამნეზია. უფრო სწორად, შესაძლოა დაგემუქროს, მაგრამ ვერ შეგაშინებს, ნაცნობების წყალობით ზედმიწევნით აღიდგენ წარსულს. ისინი გეტყვიან ვინ არის შენი შეყვარებული, საცოლე, საქმრო, სად მუშაობ, ვინ დაგაწყებინა, იქ ვინ გპატრონობს, ვინ არის შენი საყვარელი (არ მიყვარს სიტყვები "გელფრენდი" და "ბოიფრენდი", "ევრორემონტს" მაგონებს, "საყვარელი" რა ცუდი სიტყვაა? მგონი უკეთ გადმოსცემს საქმის არსს, თანაც მასში სიყვარულიც ურევია და რაღაც დოზით გრძნობასაც გულისხმობა. ამ "გელფრენდმა" და "ბოიფრენდმა" კი გრძნობაც შეიწირა და უბრალო ფრენდობაც; ვერავიზე გითქვამ ადამიანს ეს ჩემი მეგობარიაო, იქვე გინდება დაამატო, "უბრალოდ მეგობარია"). 

ამ მეგოპოლისში ყველა შენი გულშმატკივარია, ყველას შენი სიკეთე უნდა და ცდილობენ ხელი შეგიწყონ. ასე მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, შენს მომავალ მეუღლესთან ერთად ფეხზე წამოგიდგენ და საზეიმოდ გადღეგრძელონ რომელიმე საზეიმო სუფრაზე, ღმერთს მადლობა უთხრან, რომ თქვენ ერთამენთს შეგახვედრა, ორივეს არჩევანი მოიწონონ და გთხოვონ "დროზე ქნათ რამე", მაშინ, როცა არც შენ და არც შენი მომავალი "მეუღლე" სულაც არ ფიქრობთ არა თუ უღელში შებმაზე, ბოი-გელ-ფრენდობაზეც კი. მაგრამ ასეთ დროს არ გაბედოთ და არ იუაროთ, სადღეგრძელო შეიფერეთ და სამადლობელიც თქვით, თორემ...

არ გეგონოთ ხალხმა მხოლოდ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალიები იცის, თქვენი საქმიანი მოღვაწეობაც ზედმიწევნით აქვთ დღიურებში ჩანიშნული. აქაც გგულშემატკივრობენ.

ამასწინათ ერთმა ნაცნობმა დამირეკა და ეშმაკური ღიმილით (ტონით ვიგრძენი) მომახსენა, გავიგე ამა და ამ კონკურსის ჟიურის წევრი ყოფილხარ და შენი დახმარება მჭირდებაო. გამოუცდელმა, გულუბრყვილოდ ვუპასუხე, რომ მცდარი ინფორმაცია ქონდა და დავემშვიდობე. მწარედ შევცდი... რამდენიმე დღის წინ გადაკვრით და საკმაოდ ცინიკურად შემახსენეს, რომ იმ ჟიურის წევრი ვარ, გუშინ კი დანამდვილებით მითხრეს და პრიზიც მომთხოვეს.

....
ორი კვირის წინ კი ერთ ადამიანზე მკითხეს, რა ხდება თქვენს შორისო. არ ვიცი რატომ, ალბათ ინსტიქტურად, ვუპასუხე ვიჩხუბეთ და დავშორდით-მეთქი. არა უშავს, შერიგდებითო დამაშვიდა კითხვის ავტორმა და ამით თემა ამოიწურა. 

მიენდეთ ინსტინქტებს და იყავით ცინიკურები, გულწრფელობა არადამაჯერებელია.

P.S. თურმე გარკვეულ ასაკში პირად და საქმიან ცხოვრებაში აუცილებელი ყოფილა ვინმესთან ყოფნა, თორემ არავისთან ყოფნას ზუსტად ისეთივე გარყვნილებაში ჩაგითვლიან, როგორც ყველასთან ყოფნას.